ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. სტაჟირების განთავსება უფასოა.

სტუდენტური სამუშაოები თბილისში

ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა ახალი თაობაა. ის, თუ როგორ პირობებში უწევთ მათ განათლების მიღება დიდწილად განაპირობებს ქვეყნის მომავალს.

საქართველოს ხვალინდელი დღე სტუდენტებია, რომლებსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მათ უნდა შეეძლოთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ექსპერიმენტების ჩატარება და გამოწვევების მიღება. ამისთვის კი სტუდენტური სამუშაოები იდეალური ვარიანტია.

ბუნებრივია, არ არის საკმარისი უბრალოდ სამუშაო შესთავაზო სტუდენტს და არ გაითვალისწინო მისი სასწავლო გრაფიკი. დამსაქმებელმა დაქირავებული სტუდენტის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს, რომ მას განვითარება სჭირდება და ზედმეტად ხელი არ შეუშალოს განათლების მიღებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ თაობას, რომელსაც არც თეორიული ცოდნა უმაგრებს ზურგს და ენერგიაც არ ჰყოფნის განვითარებისთვის. 

რატომ არის საჭირო სტუდენტმა სრულყოფილად მიიღოს თეორიული ცოდნა? – თეორიული საფუძველი პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად გიმაგრებს ზურგს. შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეგიძლია სიახლეები დანერგო კომპანიაში და დადებითისკენ შეცვალო ორგანიზაციის დღის წესრიგი. ცხადია, ეს კომპანიების ინტერესიცაა. ამიტომ თუ სტაჟიორი თავისუფლად შეუთავსებს სწავლასა და დასაქმებას, ამით დამქირავებელი ნამდვილად არ წააგებს

თუ გსურთ მხოლოდ სტუდენტური სამუშაო ნახოთ, ეწვიეთ Intern.ge-ს განყოფილებას – “ვაკანსიები სტუდენტებისთვის”, სადაც მხოლოდ სტუდენტებზე მორგებულ შემოთავაზებებს ნახავთ. 

 

 

დღეს, სტუდენტური სამუშაო თბილისში ნამდვილად ძიებადი ფრაზაა.  ეს მოცემულობა ბუნებრივიცაა, ეროვნული ეკონომიკის ნახევარზე მეტი ხომ დედაქალქშია თავმოყრილი, შესაბამისად, სწორედ აქ ეძებენ აქტიურად სამუშაოს, მათ შორის რეგიონებიდან. 

ვინაიდან, სტუდენტური სამუშაოები ნამდვილად არაა მარტივი საპოვნელი, Intern.ge გირჩევთ გადახედოთ ჩვენი პარტნიორების ვაკანსიებს ერთ სივრცეში და იპოვოთ სასურველი შემოთავაზება.

გვესმის, რომ ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ გვაქვს ფუფუნება სურვილისამებრ ავირჩიოთ ვაკანსია, მაგრამ სტუდენტური სამუშაოს შერჩევისას გარკვეულ ფაქტორებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

მოდით, განვიხილოთ თუ როგორ ავირჩიოთ უამრავი სტაჟირებიდან სასურველი და ვიპოვოთ სასურველი სტუდენტური სამუშაო.

როგორ შევარჩიოთ სტუდენტური სამუშაო?

ასეთი სამუშაოს შერჩევისას უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ბუნებრივია, ამომწურავად ამ ნაწილში ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ვეცდებით განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც Intern.ge-ს დასაქმებულთა გამოცდილებით პრიორიტეტულია სტუდენტისთვის:

განვითარების შესაძლებლობა

სტუდენტისთვის, რომელსაც ღრმა ცოდნა და დიდი გამოცდილება არ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი უნარების განვითარება. ცოდნის მოპოვება მომავალი კარიერული წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც, გირჩევთ კარიერის დასაწყისში ფოკუსი განვითარებაზე გააკეთოთ. თეორიის პრაქტიკაში პარალელური იმპლემენტირება გრძელვადიან პერსპექტივაში მსუყე დივიდენდებს მოგიტანთ. 

დაფიქრდით შემოთავაზება მოიცავს თუ არა ახლის შესწავლის შესაძლებლობას, რამდენად მაღალი თავისუფლების ხარისხი გექნებათ, ჩართული იქნებით თუ არა გადაწყვეტილების მიღების პროცესში (რაც განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია), გექნებათ თუ არა კომუნიკაცია მენეჯერებთან და ა.შ.

რამდენჯერმე შეაფასეთ, რამდენად მოქნილი იქნება თქვენი სამუშაო გარემო თუ მექანიკური სამუშაოების შესრულებით შემოიფარგლებით. ზოგჯერ დამქირავებლები მხოლოდ ადმინისტრაციული დავალებებისთვის აცხადებენ ვაკანსიას. რა თქმა უნდა, ესეც სასარგებლო იქნება თქვენი განვითარებისთვის, მაგრამ არა იმდენად ეფექტური რამდენადაც მრავალფეროვანი სამუშაო ატმოსფერო.  

სწავლისა და მუშაობის შეთავსება

ხშირად, როდესაც ახალბედა პირველ სამუშაოს იწყებს სწავლას ნაკლებ დროს უთმობს ხოლმე. რიგ შემთხვევებში თითქოს გამართლებულია, მაგრამ ჩვენი აზრით, დიდი ხნის შემდეგ ამგვარი მიდგომა პრობლემებს შეგიქმნით. 

ეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ რამდენ შეძლებთ სწავლისა და სამუშაო გრაფიკის დაბალანსებას, ხომ არ გამორიცხავს ერთი მეორეს?

თუ წინასწარ ამის განსაზღვრა გიჭირთ, მაშინ გასაუბრების დროს ჰკითხეთ დამსაქმებელს შეგიწყობთ თუ არა ხელს სწავლაში. ზოგჯერ საინტერესო კადრისთვის გამონაკლისსაც უშვებენ ხოლმე, ამიტომ ცდად ნამდვილად ღირს.

ადგილმდებარეობა

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, ხშირად გამხდა “გადაწვის” მიზეზი. სტუდენტები, რომლებიც დღის განმავლობაში შორ მანძილზე გადაადგილდებიან, ხშირად უჩივიან დაღლილობას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროდუქტიულობაზე. ამიტომ, ეცადეთ ოფისის ადგილმდებარეობა ვაკანსიის შერჩევის პრიორიტეტებში შეიტანოთ. 

სამუშაო გარემო

რა თქმა უნდა, სამუშაო გარემოს წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, მაგრამ ეცადეთ მეტი გაიგოთ მის შესახებ. უამრავი სოციალური ჯგუფი არსებობს, სადაც შეგიძლიათ 1 წუთში მიიღოთ კომპანიის სამუშაო გარემოზე წარმოდგენა. იკითხეთ ჯგუფებში რამდენად სასიამოვნო ყოველდღიურობა აქვს კონკრეტულ კომპანიას და საერთოდ რას გირჩევენ ისინი.

დამერწმუნეთ, ბევრი ადამიანი სიამოვნებით გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. უამრავი ასეთი კეთილი ადამიანი არსებობს. გადახედეთ დასაქმების ჯგუფებს და ამაში თავად დარწმუნდებით.

მაგრამ არ დაგავიწყდეთ როდესაც თავად გახდებით პროფესიონალი, არ დაიშუროთ დამწყებთათვის რჩევები!

ინტერესები

რამდენად შეესაბამება თქვენს ინტერესებს შემოთავაზება. ქართულ სინამდვილეში ხშირად ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე, მაგრამ ძიების პროცესში საკუთარ გულწრფელ ინტერესებსაც მიაქციეთ ყურადღება. დასახეთ მოკლე და გრძელვადიანი მიზნები. შესაძლოა, ტაქტიკურად გამართლებული იყოს თქვენი გადაწყვეტილება, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი მიზნისკენ მიჰყავდეთ. 

ქართულ რეალობაში ამის უამრავი შემთხვევა არსებობს. ამბიციურ გეგმებზე უარი ხშირად უთქვამთ კომფორტის გამო. ეს კი ბევრჯერ გამხდარა ნიჭიერი ადამიანის განვითარების შეწყვეტის მიზეზი.

ამიტომ იფიქრეთ, რამდენად გრძელვადიან ურთიერთობას გეგმავთ კომპანიასთან და წინასწარ მოემზადეთ ამისთვის.

პასუხისმგებლობები

სტუდენტური სამუშაო არ ნიშნავს საქმის გულგრილად კეთებას. კარგად გაიაზრეთ რა პასუხისმგებლობები დაგეკისრებათ. თუ კომპანია მზად არის თავისი დროის ნაწილი თქვენს განვითარებაში დახარჯოს, მაშინ ვალდებული ხართ პირნათლად შეასრულოთ თქვენი დავალებები. 

თუ ვაკანსიაში ნათლად არ ჩანს პასუხისმგებლობები, წერილი გაუგზავნეთ და სთხოვეთ დამატებითი ინფორმაცია მოგცეთ ვაკანსიის შესახებ.

რას ფიქრობენ სხვები

კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ მენეჯმენტი ამას ყურადღებას არ აქცევს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანურ კაპიტალს დიდად არ აფასებს. რასაკვირველია, ამის დადგენა გარედან დაკვირვებით რთულია. ამიტომ ეცადეთ გაიგოთ რას ფიქრობენ კომპანიაზე დასაქმებულები ან ყოფილი თანამშრომლები. ისინი უმეტეს შემთხვევაში კომპანიის შიდა სამზარეულოს რეალურ სურათს დაგიხატავენ. თუ მათზე არ ზრუნავენ, დიდი ალბათობით არც თქვენ მოგექცევიან დიდი რუდუნებით. 

მაგრამ ყურადღებით იყავით, არ გაებათ “ბუზღუნა” ადამიანების ხაფანგში. ზოგჯერ თანამშრომელიც ემოციურად საუბრობენ დამსაქმებლებზე და კარგავენ ადეკვატურად შეფასების უნარს. ამიტომ უმჯობესია სოციალური ქსელების დახმარებით ბევრი ადამიანისგან მიიღოთ პასუხები.

შერჩევის კრიტერიუმები აქ არ მთავრდება, მაგრამ ტექსტის მიზანი იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხები დაგვეფარა. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ერთი კრიტერიუმით არ იხელმძღვანელოთ. სწორი გადაწყვეტილება სწორად შერჩეული ფაქტორების ჯამური შედეგია.

ამასთანვე, თავადაც იფიქრეთ როგორ გადაიქცეთ საინტერესო ვარიანტად დამსაქმებლისთვის, გაიაზრეთ რა უნარების განვითარებაა საჭირო იმისთვის, რომ სასურველი კანდიდატი გახდეთ და შეუდექით მუხლჩაუხრელ მუშაობას. 

Intern.ge  ცდილობს პირველი სამუშაოს დაწყების სტრესი მაქსიმალურად შეგიმციროთ, ამიტომ გთავაზობთ ყველა სტაჟირებას ერთ სივრცეში და ვსაუბრობთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე.

თუ სტაჟირების გავლა გაქვთ გადაწყვეტილი, შეგიძლიათ ჩვენი სტუდენტური დასაქმების პლატფორმით იხელმძღვანელოთ.

მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის, ორიენტირდით განვითარებაზე და ემოციების გამო ნაბიჯის გადადგმაზე უარს ნუ იტყვით. 

ზოგჯერ მოგიწევთ კიდეც სწავლისა და სამუშაოს ბალანსის დარღვევა, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გიღირთ რასაც აკეთებთ.

გისურვებთ წარმატებებს და სასიამოვნო კარიერულ მოგზაურობას!

დატოვე კომენტარი