ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. სტაჟირების განთავსება უფასოა.

რატომ უნდა გაიაროთ სტაჟირება?

თანამედროვე შრომის ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა. დამსაქმებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღარაა უნივერსიტეტების დიპლომები, სიგელები და სერტიფიკატები (თუმცა არც ისე უმნიშვნელოა). ისინი გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ კანდიდატის უნარებსა და გამოცდილებას, თუ რამდენად შეუძლია საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენება.

ამ თვისებების განვითარება გამოუცდელი ადამიანისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს და ბუნებრივია, მას მხოლოდ თეორიით ვერ შეისწავლით. აქტიური სამუშაოს დაწყებამდე საჭიროა შესაბამისი უნარების განვითარება და გამოცდილების დაგროვება.

როგორ შეიძლება ამის მიღწევა ქართულ სინამდვილეში? – პასუხი მარტივია, სტაჟირებით.

ამიტომ, სტაჟირებების პლატფორმა Intern.ge გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც უმჯობესია CV-ს გაგზავნამდე გაითვალისწინოთ.

რატომ სტაჟირება?

შრომის ბაზარზე ეს საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, რომელიც დამწყებს პროფესიონალად, გამოუცდელს კი თავდაჯერებულ თანამშრომლად აქცევს. მისი გამოყენება იდეალური საშუალებაა კარიერის ნულიდან დასაწყებად, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს რა სარგებლის მოტანა შეუძლია სტაჟირების პროგრამას თქვენთვის.

გამოცდილების დაგროვება

სტაჟირება გამოცდილების მიღებისა და საკუთარი უნარების გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, რომელსაც დამსაქმებელთა უმრავლესობა აქცევს ყურადღებას, გამოცდილებაა. შესაძლოა ღრმა და საფუძვლიანი თეორიული ცოდნა გქონდეთ, მაგრამ პრაქტიკაში მისი გამოყენება გიჭირდეთ. ალბათ მოგისმენიათ ფრაზა “პრაქტიკაში სულ სხვაგვარადაა”. რეალურ ვითარებაში მოქმედებს მთელი რიგი ფაქტორები, მომზადება, ადაპტაციის უნარი, პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება და ა.შ. ამ უნარებს მხოლოდ რეალურ საქმესთან გამკლავებით შეიძენთ და სამუშაოს დაინახავთ ისეთი კუთხიდან რომლიდანაც აქამდე არ უყურებდით. საბოლოოდ კი თეორიული ცოდნის ინსტინქტებად გარდაქმნა უფრო პროდუქტიულს გაგხდით. გამოცდილების დაგროვება ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელია, რომელიც სტაჟირების პროგრამას შეუძლია მოგცეთ.

გაარკვიოთ რეალურად რა შეგიძლიათ

ადამ გრანტის თანახმად, ადამიანს, რომელსაც ზედაპირული წარმოდგენას აქვს საქმეზე, უმეტეს შემთხვევაში, აზვიადებს საკუთარ ცოდნას. მას ჰგონია, რომ თითქმის უზადოდ იცის ყველა ნიუანსი, რაც რეალობის აღქმაში უშლის ხელს. პრაქტიკაში სირთულეებთან შეჯახება გაიძულებთ გადააფასოთ რა შეგიძლიათ, რისი გამოსწორებაა საჭირო და როგორ განვითარდეთ. 

წარმატებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს თუ რა არ იცის, სტაჟირების გავლა სწორედ ამაში გეხმარებათ. თავიდან აგარიდებთ გაზვიადებულ წარმოდგენას საკუთარ შესაძლებლობებზე და დანინგ-კრუგერის მახეში აღარ გაებმებით. 

ამიტომ, როდესაც ციფრულ მარკეტინგში მოგინდებათ მუშაობის დაწყება და არ გაქვთ გამოცდილება, უმჯობესია ძიება დაიწყოთ ფრაზით: სტაჟირება ციფრულ მარკეტინგში და არა “ციფრული მარკეტინგის მენეჯერი”.

* დანინგ-კრუგერის ეფექტი – ტენდენცია, როდესაც საქმეში გაუთვითცნობიერებელი ადამიანი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ ცოდნას და ვერ იაზრებს თუ რა არ იცის.

ურთიერთობების ჩამოყალიბება

ადამიანებთან კომუნიკაცია და იდეების გაცვლა ნამდვილად ოქროს საბადოა დამწყებისთვის. პროფესიონალებისგან რეკომენდაციების მიღება დიდ სამსახურს გაგიწევთ მომავალში. ყველა სფეროში მნიშვნელოვანია დარგის მცოდნეებთან გვქონდეს ურთიერთობა და ვეცადოთ მათი სტანდარტებით ვიაზროვნოთ. 

მომავალში ხომ ის ხდებით, ვისთანაც ურთიერთობთ. სტაჟირების დროს კი უამრავ ადამიანთან მოგიწევთ მუშაობა და რაც მთავარია, ყველა მათგანი მზად იქნება გამოცდილება გაგიზიაროთ. ამაზე უკეთესი ვარიანტი განვითარებისთვის ძნელად წარმოსადგენია.

კვალიფიკაციის ამაღლება

დამსაქმებელთა უმრავლესობა დიდ ყურადღებას აქცევს კანდიდატის გამოცდილებას და უმეტეს შემთხვევაში ამის მიხედვით ადგენს კვალიფიკაციის დონეს. თუ მათ ორი ერთნაირი უნარების მქონე კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება, თქვენს მიერ გავლილი ტრენინგები, სემინარები და სტაჟირებები გამოუცდელ კანდიდატებთთან შედარებით უპირატესობას მოგანიჭებთ. ის გაგხდით უფრო თავდაჯერებულს და გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგიტანთ გასაუბრებისას. ამიტომ გირჩევთ დაინტერესდეთ სტუდენტური ვაკანსიებით.

დაწინაურება

იცოდით, რომ სტაჟირებათა 50%-ზე მეტი დაწინაურებით სრულდება? ბუნებრივიცაა, გადამზადებული კანდიდატის გაშვება არც ერთ კომპანიას სურს. თუ სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლით დამსაქმებელი დიდი ალბათობით ფაქტის წინაშე დადგება, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: დაგაწინაუროთ ან ახლით ჩაგანაცვლოთ. როგორც აღმოჩნდა ორგანიზაციების უმეტესობა პირველ ვარიანტს ირჩევს.  

სტაჟირებით გამოცდილების მიღების მეთოდი საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით მუშაობს. მას მიმართავს როგორც გამოუცდელი სტუდენტები, ასევე მრავალწლიანი სამუშაო პრაქტიკის მქონე კადრებიც, რომლებსაც ახალ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა უნდათ. 

ამიტომ, კარგად გაიაზრეთ რა სარგებელს მოგიტანთ ამგვარი პრაქტიკა და რას ელით მისგან. მიმართეთ ფოკუსი ამ საქმისკენ და დიდი ალბათობით მომავალ კარიერულ წარმატებებს გაუხსნით გზას.

დატოვე კომენტარი