ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. სტაჟირების განთავსება უფასოა.

რას ელის ახალი თაობა (ზეტი) დამსაქმებლებისგან?

ახალი თაობა და დასაქმება

თაობა ზეტს (GenZ) წარმოადგენენ 90-იან წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში დაბადებული ადამიანები. ისინი ეტაპობრივად დაიკავებენ ეროვნული ეკონომიკის დიდ ნაწილს, უფრო ზუსტად კი გახდებიან დაქირავებულთა უმრავლესობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თაობა ზეტი რადიკალურად განსხვავდება წინა თაობებისგან, ეს კი ნიშნავს, რომ მენეჯმენტს მეთოდების გადახედვა მოუწევს!

ამ თაობის ინტელექტუალური რესურსების ეფექტურად გამოსაყენებლად ორგანიზაციებმა უნდა განსაზღვრონ რას ელიან ისინი დასაქმებულებისგან. შესაბამისად, უნდა მიიღონ ტაქტიკური და სტრატეგიული HR გადაწყვეტილებები.

ეს თემა თანდათან უფრო აქტუალური ხდება ქართულ სინამდვილეში. სტუდენტური ვაკანსიები დღითიდღე უფრო აქტიურად ქვეყნდება. განცხადებებში უამრავ მოთხოვნას უწესებენ კანდიდატებს, თუმცა კომპანიებს ავიწყდებათ მათი პასუხისმგებლობა – თავადაც მოერგონ ახალი თაობის მოთხოვნებს.

თავისუფლების მაღალი ხარისხი – მეტი მოქნილობა

ADP კვლევის ინსტიტუტის თანახმად, პანდემიის შემდეგ მხოლოდ თაობა ზეტის მხოლოდ 26%-ს სურდა ოფისებში დაბრუნება, დანარჩენებს კი სახლიდან, სკვერიდან ან ნებისმიერი თავისუფალი ადგილიდან სურდათ მუშაობა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიები, რომლებიც მეტად დაუკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებას, შეძლებენ გავლენა იქონიონ მათ მოტივაციაზე.

დიდი სიახლე ნამდვილად არა იქნება თუ ვიტყვით, რომ მათი აზრით, რუტინული და ბიუროკრატიული სამუშაო გარემო მამოტივირებელ ფაქტორად ვერ გადაიქცევა. 

ქართულ რეალობაში ხშირად ვაწყდებით გაუბედავ HR პოლიტიკას. ამ მიმართულებით ნაკლებად ინერგება თამამი გადაწყვეტილებები. მაგ: მაშინ როდესაც კომპანიებს თავისუფლად შეუძლიათ დისტანციური მუშაობით დაზოგონ ფული და მომსახურების ხარისხი არ შეამცირონ, ისინი მაინც ჯიუტად ოფისს ქირაობენ. იმ დროს მრავალმილიონიანი კომპანია Basecamp 8 სხვადასხვა ქვეყნიდან ქირაობს თანამშრომლებს და წარმოუდგენელ შედეგებსაც იღებს.

ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს,  რომ ყველა კომპანია დისტანციურ გრაფიკზე გადავიდეს, მაგრამ მეტი მოქნილობა ახალი თაობის პროდუქტიულობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კარიერული განვითარება

გამოკითხულთა 76% სამუშაო გარემოსგან ახლის სწავლის შესაძლებლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათი მოტივაციის წყარო მხოლოდ ხელფასი არაა, სურთ მეტი ახალი უნარი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ და რაც მთავარია, პრაქტიკაში გამოიყენონ. განვითარება კი თავისუფლების გარეშე არ არსებობს, შესაბამისად უკვე ნახსენები 2 პუნქტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია არიან.

არ აქვს მნიშვნელობა საიდან იწყებთ კარიერას, სტაჟირება ბუღალტერიაში, მარკეტინგსა თუ ადამიანური რესურსების მართვაში, ყველგან ერთნაირად საჭიროა დასაქმებულს ჰქონდეს წინსვლის მოტივაცია.

გუნდურობა

თაობა ზეტი კომუნიკაციებისთვისაა შექმნილი. მათ სურთ მუდმივად იყვნენ საქმის კურსში, რა ხდება კომპანიაში და მის გარეთ, როგორ ვითარდება ორგანიზაცია და ა.შ. მათ სურთ იყვნენ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები, რომელთა აზრსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა იქნება, სულ მცირე მოუსმენენ. ამის განხორციელება გუნდის ჩამოყალიბების გარეშე თითქმის შეუძლებელია. გამოკითხულთა 51%-მა განაცხადა, რომ გუნდში მუშაობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ვერ იმუშავებენ, უბრალოდ მოსწონთ სხვა ადამიანებთან ერთად პროექტების განხორციელება.

ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა, რა ტიპის გუნდებზეა საუბარი? – გუნდი, რომელიც აღჭურვილი იქნება თავისუფლების შედარებით მაღალი ხარისხით და წახალისებული იქნება ინოვაციები. 

თაობა ზეტი საკუთარი აზრის დაფიქსირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ მას აუცილებლად უნდა შეეძლოს შეხედულებების ღიად და ძალდაუტანებლად გამოხატვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ თუ სტუდენტი ხართ და გამზადებული რეზიუმეების შაბლონი გჭირდებათ ეწვიეთ გვერდს – უფასო CV შაბლონი.

სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი

დასაქმებულის პროდუქტიულობაზე დადებით გავლენას ახდენს სამუშაო გარემო, რომელიც კარგადაა გამიჯნული პირადი ცხოვრებისგან. ალბათ, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც დღეში 12-15 საათიანი გრაფიკით ამუშავებდნენ დაქირავებულს. 

თაობა ზეტისთვის ასეთი პირობები მიუღებელია. მისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს ე.წ “Work-life balance”. მათ კარგად ესმით, რომ გონივრული მუშაობის ფასი. 

ჩვენი კულტურა მხარს უჭერს ხარბ შრომას. ხშირად გვსმენია ადამიანებზე, რომლებიც ღამით მუშაობენ. ასეთებს “მამაცობის” მედლით აჯილდოვებენ. თუ ხშირ შემთხვევაში, ბევრი მუშაობა არ ნიშნავს პროდუქტიულობას. ვინაიდან, მუშაობის ამგვარი სტილი ხანგრძლივად სტაბილური ვერ იქნება. ამასთანავე, ასეთებს ავიწყდებათ ერთი დეტალი, პრობლემების გადაჭრას მათთვის მეტი დროის დათმობით ცდილობენ და ინტელექტუალური სიზანტის დაძლევა უხეში ძალით სურთ.

ბუნებრივია, ეს სიტყვები არ ვრცელდება ყველა თავდაუზოგავ თანამშრომელზე. უბრალოდ, პრაქტიკაში ხშირად გვხვდება მსგავსი ადამიანები, რომლებიც მოჩვენებითი შრომის ილუზიას ქმნიან. თაობა ზეტისთვის პირიქითაა, ისინი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს დროის სწორად გამოყენებას. იციან, რომ თუ სამუშაო დროს სრულად აითვისებენ, მათ უფლება ექნებათ დარჩენილი დრო თავიანთი მიზნების მიხედვით გამოიყენონ.

საქართველოში ხშირად ირღვევა “Work-Life Balance”, რაც დაქირავებულის “გადაწვას” და შრომისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს. დიდი ალბათობით, მომავალში ეს მდგომარეობა შეიცვლება.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თაობა ზეტის მოტივაციის ასამაღლებლად ახალი მეთოდების დანერგვაა საჭირო. ვინაიდან, სწორედ ისინი გახდებიან სამუშაო ძალის უმრავლესობა და აქედანვე სწორად უნდა მოემზადონ კომპანიები მათთან ურთიერთობისთვის. 

დატოვე კომენტარი